ფულადი სახსრების მართვა

ფულადი სახსრების მართვა

უკან

 

საჯარო ფინანსების წარმატებული რეფორმის ფარგლებში დღის წესრიგში დადგა რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდას. 

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი“. წესი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301 დადგენილებით.

აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, რაც შედეგად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზება.

რეფორმის განხორციელებისთვის გატარებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები: 

ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ იქნა ტექნიკური დახმარების მისია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზინის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავეს ფულადი სახსრების ეფექტიანი მართვის ურისკო ფულის მართვის მექანიზმები, რაც იძლევა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას;

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის მხარდაჭერით, ფულის მართვის მოდულის ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიზნით, მომზადდა პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებისა და მახასიათებლების სამუშაო დოკუმენტი. დოკუმენტში აღწერილია ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებისათვის საჭირო პროცესისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალები;

ევროკავშირის დაფინანსებით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს რამდენიმე ეტაპიანი ტრენინგი ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის საკითხებზე;

მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული საინფორმაციო სისტემა „ბლუმბერგის“ წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც „ბლუმბერგის“ ექსპერტებებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრეინინგები სისტემის სხვადასხვა მოდულის გამოყენების შესახებ, რამაც მოგვცა საშუალება ფულადი სახსრების განთავსების აუქციონის ჩატარება განხორციელებულიყო ელექტრონული პლატფორმა ბლუმბერგის ბაზაზე;

საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად მოხდა შეთანხმება სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების ძირითად პრინციპებზე.