ელექტრონული ხაზინა

სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა

უკან

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის N483 ბრძანების შესაბამისად დაინერგა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N578 ბრძანებით დამტკიცდა “სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ”ინსტრუქცია. ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციები (როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში) ეტაპობრივად გადავიდნენ ახალი ტიპის სისტემაზე.

2015 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხაზინის ერთიან ანგარიშის სისტემაში მოქცევისა და სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადმოყვანის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივად გადმოყვანილ იქნა ყველა დონის, ორი ავტონომიური და 76 ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტები, ასევე, მათ მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ. ყველა აღნიშნული სუბიექტების შემოსულობების სწორად და დეტალურად აღრიცხვისათვის შეიქმნა ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები, ასევე, ყველა მათგანს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის შიგნით გაეხსნათ ანგარიშები, შემუშავდა ამ ანგარიშებზე სახსრების კონტროლის მექანიზმები.

ელექტრონული ხაზინის სისტემის მოდულებთან მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით პერიოდულად ხორციელდება თვითმმართველი ერთეულების, სსიპ-ებისა და ააიპ-ების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების ტრეინინგები და საინფორმაციო ხასიათის სამუშაო შეხვედრები.

2011 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ხაზინასა და მის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებს შორის მუშაობს მხოლოდ ელექტრონული საგადამხდელო დოკუმენტბრუნვა. ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად საბიუჯეტო სახსრების მართვის პროცესში თითქმის საერთოდ გაუქმდა ქაღალდის დოკუმენტების მოძრაობა მხარჯავ ორგანიზაციებსა და სახაზინო სამსახურს შორის, რამაც გამოიწვია დროისა და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დაზოგვა, აგრეთვე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი და გაიზრდა პროცესების გამჭვირვალობის ხარისხი.

 

სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები:

მწვანე დერეფანი

საქართველოში, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრებით ტრანზაქციების რაოდენობა. ამასთან, ელექტრონული საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, საბანკო მომსახურების დიდი ნაწილი გადავიდა ელექტრონულ სერვისზე. ამდენად, სახელმწიფო ხაზინის სისტემა, ოპერატიულობის თვალსაზრისით, ვეღარ აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო იყო მომხმარებლისათვის ისეთი მომსახურების მიწოდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა დროის მოთხოვნებს. სახაზინო ოპერაციების ოპერატიულად განხორციელების მიზნით დაინერგა ე/წ. „მწვანე დერეფნის პრინციპი“ - რაც გულისხმობს საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული საგადახდო დოკუმენტის ავტომატურ დამუშავებას (ხაზინის ოპერატორის ჩაურევლად) და რეალურ დროში ანგარიშსწორებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ელექტრონული სერვისი

ელექტრონული ხაზინის სისტემის დანერგვის პარალელურად დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდება მუშაობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის. მიმდინარე ეტაპზე ინფორმაციის გაცვლა ხდება ელექტრონული სახით, რეალურ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს და მოქნილს ხდის სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისათვის ამ სისტემებში ინფორმაციის განთავსებას. ელექტრონულ სისტემებს შორის ინფორმაციის გაცვლა გულისხმობს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სისტემიდან რეგისტრირებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ხაზინის სისტემაში ჩამოტვირთვას, ასევე ელექტრონული ხაზინიდან ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების მიხედვით განხორციელებული გადახდების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის დროის რეალურ რეჟიმში მიწოდებას დაფარვის წყაროს მიხედვით. მიმდინარეობს მუშაობა სისტემებს შორის კავშირის გაფართოების მიზნით, მათ შორის ორგანიზაციებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ ინფორმაციის და ხელშეკრულებების სტატუსების ურთიერთგაცვლის მიმართულებით.

შემოსავლების სამსახურთან ელექტრონული სერვისი

ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების, დეპოზიტების სახით განთავსებული თანხების დაბრუნების ან ბიუჯეტში გადატანის ოპერაციების ელექტრონულად (მატერიალური დოკუმენტაციის გარეშე), ასევე აღნიშნული ოპერაციების უფრო ოპერატიულად, მოქნილად და გამჭირვალედ განხორციელებისათვის 2012 წლიდან შემოსავლების სამსახურთან დაინერგა ელექტრონული სერვისი.

ანგარიშების მართვა

საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, რომელთაც ეკონომიკური საქმიანობის შედეგად უფლება აქვთ მიიღონ შემოსულობები, სახსრების საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად აღრიცხვისათვის შიქმნა სახაზინო კოდები.

ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი ბიუჯეტების, ასევე, ზემოთაღნიშნული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების განკარგულებაში არსებული დროებით თავისუფალი სახსრების ეფექტურად მართვისა და დამატებითი შემოსულობების გენერირებისათვის, ხაზინის ერთიანი ანგარიშის შიგნით გაიხსნა ანგარიშები და შეიქმნა მოდულები, რომლთაც აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ საშუალება ოპერატიულად (ოლნაინ რეჟიმში) მართონ ფულადი სახსრები (განათავსონ კომერციული ბანკების მიმდინარე/სადეპოზიტო ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით), ასევე შეიქმნა ანგარიშგებები და საბანკო ამონაწერები მათი ანგარიშების შესახებ.